English
Street Gallery X Karva

არტისტები

16 ოქტომბრიდან, ბათუმში, მ. აბაშიძის #48-ში და ბათუმის თეატრის ახალი სცენის Street Gallery-ს საგამოფენო კედლებზე, წარმოდგენილი იქნება ქართველი არტისტების, ეკა კიროვას, ანანო მეზვრიშვილის, ზაირა ნადირაშვილის და კესარია კეკუტიას ნამუშევრები.

გამოფენა Street Gallery-ის და ქარვას ერთობლივი პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი არტისტების მხარდაჭერას და მათი შემოქმედების გამოკვეთას ციფრული ხელოვნების სცენაზე.


ეკა კიროვა

თბილისის ხელოვნების აკადემიის სტუდენტი, ეკა კიროვა, თავის ნამუშევრებში სხვადასხვა მედიუმებს იყენებს და მუდმივად იკვლევს ფორმის და ფერების ურთიერთქმედებას. მისი პირველი გამოფენა 2022 წელს Stamba D Block-ში გაიმართა, სადაც ეკამ წარადგინა ინსტალაცია, რომელიც ახალი სასკოლო ოთახის მოდელს ასახავდა. შემდეგ იყო გამოფენა CCA-ში, თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ში, ხელოვნების აკადემიაში და „კონცეფცია ვის რად უნდა“ vol. 2 გამოფენა Artarea გალერეაში. 


ზაიარა ნადირაშვილი

ზაირა ნადირაშვილის შემოქმედებითი გზა დაიწყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც ის სწავლობდა დრამის რეჟისურას (2002-2006). შემდეგ, ის სწავლობდა საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში (2017-2021), ხოლო 2019 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძნო განათლების მიღება, დაზგური ფერწერის მიმართულებით.

ზაირა ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა მედიუმებს, როგორიცაა ფოტოგრაფია, ფერწერა, ინსტალაცია და ვიდეო. ზაირას რვა პერსონალური გამოფენა აქვს გამართული, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ლადო გუდიაშვილის მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში და TBC გალერეაში.

2019 წელს ზაირა მონაწილეობდა საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბიენალეში "Aluminium" ბაქოში, სადაც წარმოადგინა პერფორმანსი "Hirka". ამავე წელს, მისი ნამუშევარი “LOST” წარმოდგენილი იყო შოლკოგრაფიის და პრინტის საერთაშორისო ფესტივალზე LIFE N STYLE.

მისი გამორჩეული პროექტია "ახალი მე", ლიზა ღლონტითან და Te Te Noise-თან კოლაბორაციით, რომელიც მოიცავს ტილოზე ხატვას, ინსტალაციას, აუდიო და ვიდეო ხელოვნებას. 


კესარია კეკუტია

კესარია კეკუტია, aka Mistravn, 2D არტისტია, რომელიც ძირითადად ციფრულ მედიუმში მუშაობს, თუმცა ხატავს ასევე მელანით. მას აქვს საბავშვო ინტერაქტიული წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. ქმნის თამაშების პერსონაჟებს და მუშაობს კონცეპტ დიზაინზე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მესამე კურსზე ყოფნისას ხატვის სწავლას შეუდგა და გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსები. მისი შთაგონების ძირითადი წყარო ბუნება და მასში არსებული ხილული და უხილავია. დიდი ინსპირაციის წყაროა Ukiyo-e, იაპონური და ჩინური კლასიკური/ტრადიციული მხატვრობა, ფენტეზი ჟანრის ნაწარმოებები და მსოფლიო ხალხთა მითოლოგია. მისთვის ხატვა რეალობიდან "გაქცევის" საშუალებაა, თუმცა უფრო მედიტაციური, რაც აახლოვებს მის შინაგან მე-ს და აკავშირებს იმ წარმოდგენათა სამყაროსთან, რომელიც ბავშვობიდან რეალობასთან ურთიერთობისას ექმნება.


ანანო მეზვრიშვილი

ანანო გრაფიკული დიზაინერია, რომლის შემოქმედებაში ციფრულ ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის ნამუშევრებში ინტერიერი ჭარბობს. ისინი სავსეა სიცოცხლით და ბედნიერებით, თითქოს გელოდებიან, რომ მათი ხალისიანი სამყაროს ნაწილი გახდე. ანანო არასდროს გეგმავს წინასწარ, რას დახატავს - ეს პროცესი მისი შემოქმედებითი თავისუფლების ყველაზე დიდი მოტივაციაა.

Shopping Cart

Your cart is currently empty

Return to shop