English

HEKATHENA - აუდიოვიზუალური არტისტი

პროფესია 6 წლის წინ შევიცვალე და გადავერთე ციფრულ ხელოვნებაზე, აღმოჩნდა, რომ ჩემი გატაცებაა. უმთავრესად ვმუშაობდი ფოტოგრამეტრიაზე, პროექციის მეფინგზე VR-ში, ამჟამად ვმუშაობ სრულ განაკვეთზე, როგორც “Game environment artist”.

შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ფორმით ხელოვნებით ვარ გართული მთელი ცხოვრებაა. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი, ჩემზე ადაპტირებულ ხელოვნების ფორმას თვითრეალიზაციისთვის, რომელიც შემდეგ ჩემს პროფესიად იქცა. ზოგადად, 3D პროგრამებში მუშაობა დავიწყე იმ მიზნით, რომ საკუთარი მუსიკისთვის  ვიზუალი შემექმნა. ნებისმიერ მელოდიას, და ხმას თავისი ისტორია აქვს, რასაც მე ვიზუალურად ვხედავ. მგონი ყველასთვის ასეა. რაც შეეხება პროექტ Hekathena-ს, დავიწყე დაახლოებით 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც გადავწყვიტე პირველი ალბომი გამომეცა მუსიკასთან მიბრუნების აღსანიშნავად, დიდხნიანი პაუზის შემდეგ.

ჩემი იდეების გადმოცემის ფორმა რამდენიმე ჟანრს აერთიანებს. მთავარი ნაწილი არის Cyberpunk, რეტროვეივი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ასევე მისტიკა, ფენტეზი, იაპონური კულტურა, ვიდეო თამაშები, ანიმე და მანგა. საკუთარი სტილის გავნითარებაში ვარ ისევ, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორედ Cyberpunk იქნება მთავარი ხაზი, შერეული სხვადასხვა ჟანრთან. თავს არ ვზღუდავ კონკრეტული მიმართულებებით, ისე ვქმნი როგორც ვხედავ, ან ვგრძნობ იმ მომენტში. ჩემს ნამუშევრებში ხშირად შევხვდებით მებრძოლ ქალებს. მე მიყვარს ხელოვნება, სადაც არიან ქალები. ჩემი თვითრეალიზაციის ინსტინქტი მუდამ მოითხოვს, რომ ძლიერი, მებრძოლი ქალები წარმოვაჩინო.

ლოკაციის გავლენას რამდენად იყენებ ამბის თხრობისას?

ლოკაციას აქვს გავლენა, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, მაინც ექნება გავლენა. მომავალში ვაპირებ მეტად გავაკეთო აქცენტი ჩემს ლოკაციაზე, ვიზუალურადაც და მუსიკალურადაც. მომწონს როგორც მასშტაბური იდეები, (სადაც ლოკაციას ალბათ ნაკლებად აქვს გავლენა) ასევე უფრო კონკრეტული პატარა ამბები და ემოციები. მომწონს ნეონებით გაცოცხლებული პოსტ-საბჭოთა სივრცის იდეა, ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება ამ ფორმით.

ვფიქრობ, გარემო იმდენად მძაფრია ჩვენთან, რომ ეს თან ხელს უწყობს, თან უშლის. ძალიან რთულია აქ და არა მხოლოდ აქ, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ენერგია. თანამედროვე ხელოვნებას არ აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, ამის, გამო არტისტებს შორის მხარდაჭერა ბევრის გადამწყვეტია.

მოგვიყევით NFT შესახებ, როგორ აღმოაჩინეთ?

NFT აღმოვაჩინე ინსტაგრამზე, რამდენჯერმე წავაწყდი სხვა არტისტების თეგებს მასთან დაკავშირებით, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვანიჭებდი, შემდეგ უფრო და უფრო ხშირად მხვდებოდა, შესაბამისად გამიჩნდა დიდი ინტერესი. 2020 წლის ზამთრისთვის უკვე დაწყებული მქონდა შესწავლა.

არასდროს მქონია შეხება კრიპტოსთან და დავიწყე ინფორმაციის ძებნა მის შესახებ. საკმაოდ დიდი დრო, რესურსი, უძილო ღამეები წაიღო, რომ გამეგო. შემდეგ გადავწყვიტე წარმედგინა ჩემი პირველი NFT ნამუშევარი და პრაქტიკაში უკეთ გამეაზრებინა. პირველი NFT ნამუშევარი დავმინტე 2021 წლის აპრილს.

იმდენად საინტერესოა იმდენად ბევრი კუთხით, ასე მგონია ცალკე NFT პლანეტა არსებობს და ყველა იქ ვმოგზაურობთ ხოლმე. გავიცანი უამრავი არტისტი და პირდაპირ კომუნიკაციაზე გადავედით. აქამდე ინსტაგრამზე  უბრალოდ ვალაიქებდით და ვაკომენტარებდით ერთმანეთის ნამუშევრებზე. შეიქმნა ძალიან დიდი ერთობა, სადაც უამრავ სიახლეს და სიგიჟესაც აღმოაჩენ.

შევიძინე ბევრი და რამდენიმე საკმაოდ კარგი მეგობარი, გაქვს შეგრძნება, რომ ხდები რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ხელოვნების სამყაროში და არა მარტო. კოლექციების შეგროვებაც დავიწყე და სხვა არტისტების, საკმაოდ ბევრი ნამუშევარიც შევიძინე. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით, რაც ძალიან დიდი ძალაა. ვფიქრობ ბევრი არტისტის ცხოვრება შეცვალა NFT სამყარომ. ამ ეტაპზე ყველა პლათფორმაზე გაყიდული ვარ.

დავამატებდი ჩემს ბოლო ნამუშევარსაც, რომელიც ქართველმა ბიჭმა შეიძინა, სრულიად უცხომ ჩემთვის, ვინც უბრალოდ დაინახა ჩემი ნამუშევრები ინსტაგრამზე. მან ისინი დამილაიქა და მხარი დამიჭირა. ეს ძალიან მნიშნელოვანია ჩემთვის და ძალიან გახარებული ვარ ამით.

მგონი ჯერ ბევრმა არც იცის ან იციან და შორიდან აკვირდებიან NFT მარკეტს ჩემს ქვეყანაში, თუმცა დიდმა რაოდენობამ გაიგო უკვე,  შემოსავალიც გაუჩნდათ ან უბრალოდ აგროვებენ. ვინც პირველად იგებს, უჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, რაც ძალიან კარგია და სიამოვნებით ვაზიარებ ინფორმაციას. ერთი ის შევამჩნიე, რომ ადამიანებს, ვისაც NFT ცდა უნდათ, ჰგონიათ, რომ ეს გამდიდრების მარტივი საშუალებაა, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი მარტივიც არ არის როგორიც ჩანს. ბევრი საფეხურია, რომელიც სწორად უნდა გაიარო პროცესის დაწყებისთვის. ეს ასევე დამოკიდებულია მონდომებაზეც, გამართლებაზეც, შემთხვევითობაზეც და ბევრ რამეზე. განსაკუთრებით, როცა არ ხარ ცნობილი არტისტი. მოითხოვს ბევრ დროს, ენერგიას და ნებისყოფას. პირველ რიგში, არ უნდა შევხედოთ მხოლოდ ასე: “მოდი დავდებ ნამუშევარს გაიყიდება და გავმდიდრდები”. გაცილებით დიდი, ვრცელი და მრავალფეროვანი/მრავალფუნქციური სისტემაა.

შეგიძლიათ გაგვაცნოთ (მოგვიყვეთ) სხვა ქართველი NFT არტისტების შესახებ?

ვისთანაც მაქვს უშუალო, ხშირი კომუნიკაცია NFT-თან დაკავშირებით არიან ნიკა ქუთელია, ლევან ერედელი, ანა მაღრაძე, ლევან ამაშუკელი, ა.შ. ეს ძალიან კარგია. ჩვენ ყველა სხვადასხვა ჟანრში ვართ და ძალიან სასიამოვნოა ასეთ კარგ არტისტებთან ურთიერთობა. თითოელი მათგანი უნიკალურია. ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციებს.  რთულია, რადგან ყველა ვმუშაობთ და ზოგჯერ რიტმიდან ამოვარდნაც გვიწევს, მაგრამ ვფიქრობ გარემოებების შესაბამისად მაინც ვახერხებთ.

არის რამდენიმე არტისტი, რომლებსაც უბრალოდ შორიდან ვიცნობ და მათი ნამუშევრები თვითერზე გადამეყრება. XESUSBOBO - ძალიან მომწონს მისი სტილი და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ჟანრია. Sol Aphroditus, ძალიან კარგი და განსხვავებული არტისტი. Mikibo- ძალიან მრავალფეროვანი და პროფესიონალია, ჩემი მუსიკალური EP-თვის სწორედ მან შექმნა ქოვერი, თუმცა ჯერ არსად დევს. ძალიან გვეხმმარება ლევან ერედელი და Art Up მთლიანად. ვფიქრობ დღეს დღეობით ჩვენთან და არამარტო, ძალიან კარგი პლატფორმაა არტისტებისთვის საქართველოშიც და არა მარტო.

დიდი გამოწვევაა, როგორც არტისტი დარჩე უნიკალური საკუთარ სტილში, თუმცა კიდევ უფრო რთლია დარჩე მართალი საკუთარ თავთან, შემოქმედებასთან და მიზნებთან. 


IG: https://www.instagram.com/hekathena/

FB: https://www.facebook.com/hekathena

Spotify: https://open.spotify.com/artist/6VUAJ1gnZl0lAJyp6bE2Xe?si=eo3N0rYuT5WnkdbUZSiXTQ&nd=1 

y.at: https://bit.ly/3Dik5Jo

Shopping Cart

Your cart is currently empty

Return to shop