ძალიან პატარა დედას ხშირად ვეკითხებოდი, სად ვაპირებდი ჩაბარებას, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი და სიტყვა“ სამხატვრო აკადემია“ მავიწყდებოდა, რასაც დედა ყველა ჩემს კითხვაზე ღიმილით მახსენებდა. დავიბადე ოჯახში, სადაც არავინ ხატავდა და ბებია ბუზღუნებდა ყოველი ხატვისას, სახლს რომ ვსვრიდი საღებავებით, მხოლოდ დედა მგულშემატკივრობდა და სახატავი მასალებით მამარაგებდა. მოგვიანებით დავამთავრე სამხატვრო აკადემიაც. უკვე რამდენიმე ათეული წელია აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში და ჯგუფურ გამოფენაში, საერთაშორისო პროექტებში და ვაწყობ სოლო გამოფენებს. არაერთი ნამუშევრია დაცული მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: საქართველო, უკრაინა, იტალია, გერმანია, აზერბაიჯანი, შეერთებული შტატები.
რა არის თქვენი შემოქმედების სამი მთავარი თემა? რატომ?
ინსპირაციისთვის უამრავი თემა არსებობს, მაგრამ მათი განხორციელება ხანგრძლივი პროცესია. თემები ძირითადად გარესამყაროდან აირეკლება და სხვადასხვა ემოციას იწვევს ჩემში, ესაა სუბიექტური დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი. ბოლო წლებში ვმუშაობდი ქალების თემატიკაზე და იმ პრობლემებზე რაც არსებობს ქალის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ქართველი ქალის... მქონდა გალერეებში და ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა ამ თემაზე. პერიოდულად ვუბრუნდები ძველ თემებს, რადგან რეალურად ვერ ამოწურავ, მაინც იქ ხარ, იქ ტრიალებ. განცდაა, რომ რაღაც მეტის თქმა გინდოდა და ვერ მოასწარი. ვფიქრობ დრო რომ გადის იგივე თემას კიდევ სხვანაირად აფასებ, სხვანირად უდგები, გადავდე და დავივიწყე, ასე არ არის...
ასევე ვმუშაობ ხეების სიმბოლიკაზე და ვქმნი ბიოგრაფიულ სერიას.
რა გავლენა იქნონია პანდემიამ თქვენზე, როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო გარემო?მოგვიყევით ბოლო პერიოდის პროექტებზე და გამოფენებზე
პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობდი სტუდიაში. ეს პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც შემოქმედების თვალსაზრისით, ასევე გაყიდვების.
მივიღე ონლაინ პროექტებში მონაწილეობა, სადაც ჩემი ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ვირტუალურ გალერიაში იყო შესაძელებელი.
ესეთი იყო „Home Alone“ და თბილისის ონლაინ ბიენალე, სადაც გავიმარჯვე ჩემს მეგობარ არტისტთან ერთად და შევქმენით საინტერესო ინსტალაცია. განსაკუთრებით გამიხარდა გუგენჰეიმის მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული ჩემი ნამუშევარი. რაც შეეხება ბოლო პერიოდის აქტივობებს, იყო პანდემიამდე ჩემი პერსონალური გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში, რომლისთვისაც ბოლო 3 წელი ვემზადებოდი, თემა: ქალების როლი საქართველოში და მსოფლიოში. გამოფენა კონკურსი, რომელიც ფემინისტური ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული ქალთა ძალადობის თემაზე, სადაც გავიმარჯვე და ავიღე 1 ადგილი და პრემია.
მომავალი სოლო გამოფენა, რომელსაც ვგეგმავ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ფაქტობრივად თავმოყრაა ჩემი წლების გამოცდილების.
ჩამოთვალეთ თქვენი საყვარელი ნამუშევარი ან აქტივობა. რატომაა ის მნიშვნელოვანი თქვენთვის? აუდიტორიისთვის?
უფრო შემოქმედებით აქტივობაზე გავაკეთებდი აქცენტს და მის მნიშვნელობაზე: ვფიქრობ საუკეთესო ასპექტები ჩემს საქმიანობაში და ძირითადი ღირებულებები, რატომაც მომწონს შემოქმედებითი საქმიანობა რიგ შემთხვევაში სამყაროსგან გაქცევის გზაა, ჩემთვის კი სამყაროსკენ მობრუნება, რადგან დინების მიყოლით ხშირად ადამიანები ლოგიკურ და რაციონალურ აღქმას კარგავენ, ამგვარად ის კრიტიკული ხედვები რაც შემოქმედებითი პროცესის დროს მიყალიბდება, ნამდვილად მიქმნის სამყაროსკენ შემობრუნების საფუძველს. რაც შეეხება შემოქმედებას, ვცდილობ რომ დღევანდელ აუდიტორიასთან კამუნიკაცია უნდა შედგეს, რადგან ის პრობლემები, რაზეც მე ვმუშაობ, მაქსიმალურად იყოს სხვა რაკურსით დანახული და წარმოჩენილი, იმისათვის რომ კიდევ უფრო გასაგები გახდეს და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინოს. ხშირად იძახიან ხელოვანები რომ კითხვების გაჩენა აუცილებელია, მაგრამ რა იქნება ეს კითხვები, რამდენად ლოგიკური იქნება და რამდენად დააფიქრებს ადამიანს, გაცილებით მნიშვნელოვანია.
ფერწერასთან ერთად, ვმუშაობ ასევე ციფრულ მედიებში, გრაფიკულ დიზაინზე, UX/UI მიმართულებით, ინსტალაციებზე და კერამიკაზე.
თქვენ პროფესიაში რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ გამოწვევად?
თანამედროვე რეალობაში მხატვრობა უფრო მეტად ხდება კომერციული რამდენადაც ის შესაძლოა ბევრ სხვადასხვა სფეროში იყოს აქტუალური და ინტეგრირებული - რეკლამა, ილუსტრაცია, დიზიანი. მნიშვნელოვანი გამოწვევაა აქტიურად მოხდეს ხელოვნების კომეციალიზაცია და ამასთან არ დაკარგოს თვითმყოფადობა, ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული, უნიკალური ნიშნებით ხასიათდებოდეს თითოეული ხელოვანი.
გაგვიზიარეთ ინფორმაცია თქვენი საყვარელი ფესტივალის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ ან ისურვებდით, რომ მომავალში მიგეღოთ რა არის თქვენი სამომავლო შემოქმედებითი გეგმები, სად აპირებთ მათ განხორციელებას და რა პროექტზე მუშაობთ ახლა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ?
ექსპერიმენტული და საინტერესო გამოცდილება იყო ფესტივალი „მისამართი“. ეს იყო მცდელობა ხელოვნება შეგვეტანა თითეული ადამიანის საცხოვრებელ სახლში. ამისთვის დაცალეს უცხო ადამიანებმა საკუთარი საცხოვრებლები და ჩვენ დაგვითმეს სივრცე სახატავად ფესტივალის განმავლობაში. ურთიერთობები იყო ასევე ძალიან საინტერესო არტიტებთან. მომავალში ვგეგმავ საერთაშორისო რეზიდენციებში მონაწილეობას.
რაც შეეხება პროექტს, ამჟამად ვმუშაობ ხეების სიმბოლიკაზე და წარმართულ ტრადიციებზე ძველი დროის საქართველოში. ის ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს ცრურწმენების და რიტუალების სახით. ჩავუღრმავდი ძველ რწმენა-წარმოდგენებს, წავიკითხე არაერთი კვლევა და აღმოვაჩინე შეუცნობელი მოწყობის სამყარო, შთამბეჭდავი და საინტერესო.
თქვენი აზრით გლობალურად, რა გამოწვევების წინაშე დგას ხელოვნება/შემოქმედებითი ინდუსტრია? ასევე საქართველოში?
ამ თემაზე უფრო ციფრული ხელოვნების გადმოსახედიდან ვისაუბრებ: ვფიქრობ ციფრული ხელოვნება დღითიდღე პოპულარული ხდება მსოფლიოში. განსაკუთრებით პანდემიამ დაგვანახა საჭიროება ციფრული ხელოვნების, რადგან რთულ პერიოდში საზოგადოება ძირითადად ინტერნეტით/ტელევიზიით ეცნობოდა კულტურულ სიახლეებს და ის საზრდო ხელოვნების სახით რაც ადამიანს კვებავს, მისაწვდომი მხოლოდ ონლაინ იყო.
დღეს ხდება პორტირება ფიზიკური სივრციდან ამ ყველაფრის ციფრულ სივრცეში. ეს პროცესი მარტივი და ბუნებრივია, იმიტომ რომ საჭიროებები რაც გვქონდა ფიზიკურ სივრეში უბრალოდ აქ გადმოვიდა, მაგ: ბიზნესს უნდა რომ რეკლამა აქ იყოს, მომხმარებელს უნდა რომ მუზეუმი აქ ქონდეს, სადაც ეხლაა. ესაა ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ან არ ვუბავთ ფეხს, ან ვერ, ეს არის ერთგვარი „ხიდი“ და ამ „ხიდზე“ გადასვლის მომენტი ბევრისთვის უხერხულობას ქმნის, ზოგს ეზარება, ზოგი ვერ ეგუება ახალ სივრცეს, თითქოს კომპლექსია რაღაცა რომ იქით გადავიდნენ, ჩვენთან ჯერ-ჯერობით ესეა.