- რით არის განსხვავებული პროექტი Zmudart?
ეს არის გამორჩეული ნამუშევრები, რომლებიც თავმოყრილია ერთ საიტზე. ისინი წარმოადგენენ ჩემს მეხსიერებაში არსებულ პიროვნებებს, სურათებს, ემოციებს, რომლებიც ძლიერადაა გადაჯაჭვული ჩემს წარმოსახვაში. ამ ნამუშევრებში გადმოცემულია ემოციური მდგომარეობა, დაკავშირებული ჩემს გარემოსთან, ძალიან ფრაგმენტული, ქაოტური, ინფორმაციით და ფერებით გადატვირთული, მაგრამ ამავდროულად ირონიული და იუმორით სავსე.
- რატომაა Zmudart-ის ნამუშევრები მნიშვნელოვანი თქვენთვის და აუდიტორიისთვის?
2007 წლიდან მოყოლებული დიჯიტალ არტის მიმართულებით ვმუშაობდი. რაღაც მომენტში ხელით ხატვის მოთხოვნილება გამიჩნდა, რასაც დაბრკოლებად კლასიკური ხატვის არ ცოდნა მოჰყვა. თუმცა ეს გამოწვევა მალევე უპირატესობად ვაქციე. დიჯიტალის და ხელით ნამუშევრის ერთმანეთში არევამ საინტერესო შედეგი გამოიღო. სამი წლის წინ ვილა გარიყულაში 3-დღიანი რეზიდენცია დიდი გამოფენით დასრულდა. იქ წარვადგინე პროექტი, რომლის იდეა იყო ბუნების სილამაზის ეფემერულობა და პლასტმასის მუდმივობა. რაღაც პერიოდი ჟანგიან მასალაზე ვხატავდი (პროექტი „Everybody fight the rust“). 2008 წელს შეიმნა დიჯიტალური პოსტერების სერია, სადაც ძველი, ბევრჯერ ნანახი ქართველი მწერლების თუ გამოჩენილი მოღვაწეების პორტრეტები გავაცოცხლე ჩემებურად, ფერადად. ერთერთი ნამუშავერი ილია ჭავჭავაძე, იყო რამაც მწვავე რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელში და საზოგადოება ორ ბანაკად გაყო, რაც იდეაში თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. 2020 წლის გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს რაღაც ახალი იდეა იბადება და ესე ვითარდება Zmudart.
- მოგვიყევით ბოლო პერიოდის პროექტებზე და გამოფენებზე
პანდემიის დროს მივიღე მონაწილეობა Tbilisi Online Biennale-ში, პროექტს ერქვა "The Hypersensitive’s Guide to Survival". საინტერესო გამოცდილება მივიღე. ჩემი ნამუშევარი აგრეთვე გამოიფინა რომში და ბრისტოლში. რომში Loosenart Gallery-ში ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა პროექტით „ Shadows“, ხოლო ბრისტოლში ახალგაზრდა არტისტების პერფორმანსი მოეწყო სანაპიროზე. არსებულ რეალობაში სახლიდანაც შეიძლება იმოგზაურო და გამოფენები მოაწყო.
- თქვენ პროფესიაში რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ გამოწვევად?
ე.წ. Trapped in a Bubble და ამ ბაბლიდან თავის დაღწევა უმნიშვნელოვანესია. გამოწვევას დავარქმევდი ასეთივე ხაფანგში მოქცეულ სახელოვნებო სივრცესაც ჩვენ ქვეყანაში.
- თქვენი აზრით, გლობალურად რა გამოწვევების წინაშე დგას შემოქმედებითი ინდუსტრია?
ურთულესი პერიოდია გალერეებისთვის და არტისტებისთვის. ძალიან ბევრი გალერეა დაიკეტა და უფრო მეტი არტისტი დარჩა შემოსავლის გარეშე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. თუმცა ბევრმა იპოვა გამოსავალი, მაგალითად ონლაინ გამოფენებსა და ონლაინ რეზიდენციებში. პანდემია დამთავრდება და სახელოვნებო სივრცე უფრო გაკაჟებული და გამოცდილი გახდება.
- ვინ არიან თქვენი საყვარელი არტისტები და რატომ?
ერთს ვერ გამოვყოფდი. უბრალოდ არსებობენ არტისტები, რომელთა ნამუშევრების ყურებისას რაღაც უცნაური განცდა გეუფლება, თითქოს შენთან ძალიან ახლოსაა და მარტო შენ ხედავ ამას. ასეთი არტისტების ნამუშევრებს თან დაზდევს აუხსნელი აურა. ესენი არიან ენდრიუ ვეითი, ანსელმ კიფერი, ჯონ ბალდესარი, კარლო კაჭარავა. უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება.
- რა გავლენა მოახდინა თქვენ პროექტებზე და ბიზნესზე გლობალურმა პანდემიამ?
ერთის მხრივ, სტრესი და გაურკველობა რაც უხვად ახლდა ამ განვლილ თვეებს. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ უარესი სიტუაციაა, ვიდრე დასაწყისში იყო. თუმცა ხალხმა თითქოს შიში დაკარგა, რაც ძალიან ცუდია. მეორს მხრივ, უფრო მეტი დროის გატარება დავიწყეთ სახლებში, ოჯახთან ერთად, რამაც გამოიწვია მივიწყებული ბავშვური აქტივოვების თავიდან გახსენება. ფანქრით ხატვა, პლასტელინით ძერწვა, ძველი ბავშვური თამაშები. ბიზნესისთვის კი დღევანდელობა კატასტროფაა. მაგრამ სამომავლო გეგმები უკვე მაქვს. სად განვახორციელებ მათ, ჯერ არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ახალი და ორიგინალური იდეებია.
ავტორი: ნინო წითლანაძე