- რა ცოდნა ან უნარები მოგცათ სამხატვრო აკადემიაში სწავლამ?
სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი 2000-იან წლებში და ინფორმაციის მრავალფეროვნება არ გვქონდა ხელოვნების მიმართულებით. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემით მომეპოვებინა საჭირო ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნებაზე. მედიახელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლა მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული სამყაროს განზომილებამ სამუდამოდ ადგილი დაიკავა ჩემს შემოქმედებაში. აკადემიამ ამ მხრივ საკმაოდ კარგი საბაზისო ცოდნა მომცა, თუმცა რასაც დღეს ვაკეთებ, თვითგანვითარებით მივაღწიე და წინ კიდევ ბევრი საინტერესო ექსპერიმენტები და აღმოჩენაა.
- რა მიგაჩნიათ ხელოვნებაში ყველაზე დიდ გამოწვევად?
ყველაზე დიდი გამოწვევაა ის რომ ადამიანმა იდენტობა არ დაკარგო, როგორც ხელოვნებაში, ასევე ცხოვრებაშიც, და თან იყო თავისუფალი. ასევე არ დაკარგო ხარისხი და დარჩე შენი საქმის ერთგული. ამიტომ, დამწყებებს ვურჩევდი იპოვონ საკუთარი თავი და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ.
- რა არის "სივრცის სინგულარობა"?
ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ArtUp-თან კოლაბორაციული გამოფენის გაკეთება. თემა „სივრცის სინგულარობა“ წამოვიდა ჩემი ერთერთი სოლო გამოფენის - “ალტერნატიული სამყარო”- იდეიდან რომელიც გულისხმობდა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ გამოფენის მთავარი კითხვა იყო თუ ვინ ვართ ჩვენ ამ სამყაროში, ვართ თუ არა ჩვენ ღმერთის მიერ შექმნილი არსებები, თუ უბრალოდ რაღაცის მიერ შექმნილ სიმულაციაში ვცხოვრობთ. ეს თემა ჩემთვის იმდენად ამოუწურავი გახდა, რომ გადავწყვიტე ტრილოგია გამეკეთებინა. და ზუსტად “სივრცის სინგულარობა” იყო ამ თემის გაგრძელება და ტრილოგიის მეორე ნაწილი. თვითონ იდეა კი გულისხმობს ალტერნატიული სამყაროს შექმნას, სადაც ძველი კულტურა ფარგლებს სცილდება, ხდება გონების გაფილტვრა და შედეგად იქმნება ისეთი სოციუმი, სადაც ადამიანები მხოლოდ პროგრესზე არიან ორიენტირებულნი.
- როგორია თქვენთვის ქუჩაში, ღია ცის ქვეშ გამოფენის გამოცდილება?
ArtUp-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 3 მულტიმედიური ობიექტი, რომელიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ეკიდა კედელზე ქუჩაში. პირველი ობიექტი იყო მაიმუნი შარავანდედით, რომელიც აღნიშნავდა ადამიანის იმ პრიმიტიულ საწყისებს, რომელშიც ხშირად ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, განვითარებაზე უარს ამბობს და რჩება იმ საწყისების დონეზე. მეორე ობიექტი გულისხმობდა ენერგიის და ცოდნის აკუმულირებას და ცირკულაციას, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ შეგრძნებებს, ახალ სამყაროს, და თვისობრივად ბევრად აღემატება იმ მდგომარეობას და ინტელექტს, რაც მანამდე არსებობდა. და მესამე კულმინაციური ობიექტი ადამიანის მეტაფორული გამოსახულება - საბოლოოდ შედის თვითგანვითარების ციკლში და ძლიერი სუპერინტელექტის აგენტი ხდება. ღია ცის ქვეშ გამოფენა აღმოჩნდა საკმაოდ შთამბეჭდავი, რადგან ქუჩაში გამვლელებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ვფიქრობ გამოფენა წარმატებით შედგა, რადგან ორბელიანის მოედანზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებიც კი ჩერდებოდნენ და აინტერესებდათ თუ რა იდეის მატარებელი იყო ჩემი ნამუშევრები.
- ბოლო პერიოდში რა პროექტებზე გიმუშავიათ?
რაც მთავარია, უკვე დავიწყე ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობა, რომელსაც დამთვალიერებელი მალე იხილავს, იმედი მაქვს. მიმდინარე პროექტებიც ბევრია, როგორც ArtUp-თან, ასევე სხვა კოლაბორატორებთანაც. გამოვყოფდი ერთს, რომელიც თბილისი ონლაინ ბიენალეს ფარგლებში ჩატარდა.
- რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარი?
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ბოლო ნამუშევრებია, რადგანაც ჩემს ამჟამინდელ იდეურ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას, და პასუხობს იმ თემებს და პრობლემებს რაზეც დღეს ვმუშაობ. მითუმეტეს, როდესაც ეს თემები ძალიან აქტუალურია და მომავლის საკითხებს ეხება.
- ეთანხმებით, როდესაც ქუჩის ხელოვნებას უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე სოციალურ ხელოვნებას?
ქუჩის ხელოვნება სოციაულურია თავისი არსით, რადგან ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. ის უფრო პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ექსტრემალურია, ასევე არის ძალიან დროებითი, შეიძლება ხვალ ვიღაცამ გადაღებოს დახატული კედელი. ქუჩის ხელოვანები თავისი პროტესტის თუ იდეის გამოსახატავად ხშირად რისკზე მიდიან.
- თქვენი აზრით რა შეცვალა ხელოვნებაში გლობალურმა პანდემიამ?
ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა რომ ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ ხელოვნებით, რადგან სახლში ყოფნით შესაძლოა საკუთრი თავისთვის მეტი დრო გამოუჩნდათ. შემოქმედებით ინდუსტრიაში მომრავლდა ონლაინ გალერეები თუ გამოფენები, თუმცა ეს პანდემიის გარეშეც შეუქცევადი პროცესია. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ციფრული სამყარო მეტად განვითარდეს, და ეს ხელოვნებაშიც ისახება.
- ვინ არიან თქვენი საყვარელი არტისტები?
კონკრეტული არტისტი არ მყავს, რადგან დროის ცვალებადობასთან ერთად ხშირად მეცვლება გემოვნება და ღირებულებები ხელოვნებაში. თუმცა იაპონურ ხელოვნებას და კულტურას გამოვყოფდი, რადგან ჩემი აღქმით, დროსთან მიმართებაში სხვა განზომილებაში არიან და ეს მხიბლავს.
- ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ ან ისურვებდით, რომ მომავალში მიგეღოთ
ძალიან საინტერსო იყო ხელოვნების სიმპოზიუმი 2019 წელს ლუქსორში (ეგვიპტე), სადაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და გავიცანი საინტერესო ადამიანები. მომავალში, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ვენეციის ბიენალეში.
ავტორი: ნინო წითლანაძე