English

TAMOONZ


 

„თანამედროვე მხატვარი ქალის თვითგამოხატვის და მოძრაობის თავისუფლება“- ასე ახასიათებს თავისი შემოქმედების მთავარ იდეას მხატვარი თამუნა წახნაკია / Tamoonz, მის ნამუშევრებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღმოაჩენთ.

 

- თამუნა, როდის დაიწყეთ ქუჩაში ნახატების შექმნა?

ხელოვნების ამ მიმართულებით დავინტერესდი დაახლოებით 14 წლიდან, იმ პერიოდში საქართველოში არ იშოვებოდა სპეციალური საღებავები და ისე მოხდა, რომ ქუჩაში ნახატების შექმნა გაცილებით გვიან დავიწყე, დაახლოებით 2008/09 წლებიდან. და უკვე სერიოზულად ამ საქმეს შევეჭიდე 2012 წლიდან. 

 

- პროფესიით გრაფიკული დიზაინერი როგორ მოხვდით ქუჩის ხელოვნებაში?

2008 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის განხრით. თუმცა ამ პროფესიით ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული. 2006 წლიდან მოყოლებული ვარ ფრილანსერი, ილუსტრატორი/დიზაინრი/2D თამაშების მხატვარი. თუმცა პარალელურად ყოველთვის ვახერხებდი ქუჩაში ხატვას და ბოლო რამდენიმე წელია ძირითადად ხელოვნების ამ მიმართულებაში ვარ აქტიური.

 

- რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი თემა და რატომ?

მე ვიტყოდი, რომ ჩემს შემოქმედებაში ერთერთი ძირითადი თემა არის ქალი, იქიდან გამომდინარე რომ მეც ქალი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნებაში თუ სხვადასხვა სფეროებში ქალების ჩართულობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, გამოხატვის და მოძრაობის თავისუფლება.

 

 

- რითი განსხვავდება საზღვარგარეთ მუშაობის პროცესი საქართველოში მუშაობისგან?

განსხვავება დიდია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიწევს ბევრი მოგზაურობა, რადგან 2012 წლიდან ხშირად მიწვევენ საერთაშორისო სტრიტ არტ ფესტივალებში და გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, როგორიცაა Upfest (UK), K.A.T (Belgium), Prasad (Nepal) ა.შ. აქედან გამომდინარე ვხედავ თუ როგორ მუშაობენ, როგორი მიდგომა აქვთ საქმისადმი გამოცდილ, პროფესიონალ მხატვრებს, ამასთანავე, იქ მუშაობამ უფრო მეტი სითამამე, გამოხატვის, მოძრაობის თავისუფლება მომცა. ვიტყოდი, უფრო მეტი საშუალებაა თავისუფლად აკეთო ის, რაც ზოგჯერ საქართველოში თითქმის შეუძლებელია. ეს სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული.

 

- ბოლო პერიოდის პროექტებზე და გამოფენებზე თუ მოახდინა გავლენა გლობალურმა პანდემიამ? 

სამწუხაროდ, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, დაგეგმილი ღონისძიება და პროექტი, სადაც უნდა მიმეღო მონაწილეობა, გადაიდო მომავალ წლამდე. თუმცა პოზიტიური ამბები საქართველოში მაინც ხდება და სექტემბერში დაგეგმილ ფესტივალში „ნიკო 2020“ მივიღე მონაწილეობას, სადაც მოვხატე კედლები თბილისში და ბათუმში.

 

- თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევთ?

ვერ გამოვყოფ, თითქმის ყველა ნამუშევარი მიყვარს, რადგან ზედაპირულად არ ვუდგები შემოქმედების პროცესს და მაქსიმალურად ვდებ ჩემს თავს თითოეულ მათგანში. კედელზე ხატვის პროცესი ყველაზე ძალიან მიყვარს, რადგან მასიურად დიდ ზედაპირებზე მუშაობა მაძლევს უდიდეს ენერგიას.

 

- ქუჩის ხელოვანისთვის რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ გამოწვევად?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევაა მუდად მოძრაობაში ყოფნა. თანამედროვე მხატვარი სულ მოძრაობაში უნდა იყოს და არ გაჩერდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგჯერ მისი შრომა არ იყოს დაფასებული. ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალები და მხატვრების მხარდამჭერი აქტივობები, რაც ასევე სტიმულს აძლევს შემოქმედებით ადამიანებს.

 

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დგას ხელოვნების/შემოქმედებითი ინდუსტრიის წინაშე?

ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი მხატვრების დაფასება და მხარდაჭერა. გამოწვებები ყოველთვის იყო და იქნება ყველგან, ეს ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ საქართველოში ხელოვანებს მეტი ყურადღება სჭირდება, და არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

- თქვენ საყვარელ არტისტებს შორის ვის დაასახელებდით?

უამარვი საინტერესო თანამედროვე არტისტია ვისაც ძალიან დიდი პატივს ვცემ და თვალს ვადევნებ მათ შემოქმედებას, მაგ. Etam Cru, Broken Fingaz, BLU, Moebius, ენკი ბილალი, ჯეიმს ჯინი და ა.შ.

 

- რომელია თქვენი საყვარელი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ ან ისურვებდით, რომ მომავალში მიგეღოთ? 

ყველა ფესტივალი, სადაც მიმიღია მონაწილეობა, ჩემთვის საყვარელი და გამორჩეულია, თუმცა, პირველ საერთაშორისო ფესტივალს K.A.T, რომელიც ჩატარდა ბელგიაში 2012 წელს მაინც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. 180 გრადუსით შეცვალა ჩემი ცხოვრება. სიამოვნებით კიდევ ერთხელ დავხატავდი იმ იმ მხატვრებთან ერთად, იგივე კედლებს.

 


ავტორი: ნინო წითლანაძე

Shopping Cart

Your cart is currently empty

Return to shop