- რა არის თქვენი შემოქმედების სამი მთავარი თემა? რატომ?
ჩემს ფოტოებს აერთიანებს არქიტექტურის, სივრცეების, ფერებისა და ადამიანების ურთიერთქმედება. ძირითადად ნამუშევრები შესრულებულია მინიმალისტურ სტილში, რადგან ვთვლი, რომ ის ყველაზე მარტივი და კომფორტული აღსაქმელია, როგორც თვალისთვის, ასევე გონებისთვის.
- რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია?
ფოტოგრაფიით დავინტერესდი 3 წლის წინ და დღემდე ვიღებ მხოლოდ მობილური ტელეფონის კამერით. თავიდან ეს იყო განტვირთვა, საშუალება ჩემი განწყობა იმ მომენტში გამეზიარებინა სხვებისთვის. რამდენადაც მიბრუნდებოდა სასიამოვნო უკუკავშირი, ორჯერ უფრო მეტი შემართებით ვუდგებოდი საქმეს. და ასე გრძელდება დღემდე.
- რითია გამორჩეული ბოლო პერიოდის პროექტები და გამოფენები?
ბოლო პერიოდის თანამშრომლობა უკავშირდება ''ArtUp''-ს. მათი ორგანიზებით ჩემი ფოტოები ზაფხულში გამოიფინა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. ასევე, ''ArtUp''-თან და ავსტრალიურ კომპანია "Minus Art''-თან გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის ჩემი ფოტოპრინტების ყიდვას.
- როგორ გეხმარებათ თქვენი საერთაშორისო გამოცდილება?
ხშირად ვმონაწილეობ საერთაშორისო ფოტოკონკურსებში. იქ მოპოვებული წარმატება პირველ რიგში, ჩემთვის არის სტიმული, კარიერული წინსვლა, რომ განვაგრძო საქმიანობა უფრო დიდი შემართებით. ამასთან ერთად ვფიქრობ, კონკურენტუნარიანობა მატულობს. წელს გავხდი UNESCO-ს ფოტოკონკურსის ''Youth Eyes on the Silk Roads'' ფინალისტი. გასულ წელს გავხდი პარიზის პირველი მობილური ფოტოფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის ფავორიტი. 2018 წელს ვიყავი მსოფლიო ბანკის საქველმოქმედო კამპანიის ფინალისტი, რის შემდეგაც ჩემი ფოტო აუქციონზე გაიყიდა და თანხა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა ფონდში გადაირიცხა.
- რა მიგაჩნიათ თქვენ პროფესიაში ყველაზე დიდ გამოწვევად?
როგორც სხვა რამდენიმე ხელოვნების დარგში, ჩვენს ქვეყანაში, ფოტოგრაფიის მიმართაც არის სტერეოტიპული დამოკიდებულება. ვფიქრობ, ის აქამდე არ აღიქმება „სერიოზულ“ საქმიანობად. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მითის დამსხვრებაა ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაც, სხვა ბევრ წინაღობას დაძლევს.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს თავის გზას ფოტოგრაფიაში?
პირადი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. თუკი არსებობს რაიმე შანსი, არსებობს გამარჯვებაც. ამიტომ, ახალბედებს ვურჩევდი, რომ საკუთარი თავის დაიჯერონ და გარისკონ!
ავტორი: ნინო წითლანაძე