- რა ქვეყანაა Masholand?
მე ვარ მაშო მარგიშვილი, დიზაინერი და ილუსტრატორი თბილისიდან, რომელმაც 2013 წელს, ჰანოიში ცხოვრებისას, შემთხვევით პარალელური სამყარო, სახელად Masholand აღმოაჩინა. Masholand ნახევრად უტოპიური, პარალელური სამყაროა, სადაც ნებისმიერ არსებას შეუძლია მოხვდეს. ის სავსეა უამრავი დასახლებით, უბნით, ქალაქითა და ქვეყნით, თუმცა ყველა ადამიანისთვის ის მაინც სხვადასხვაგვარია.
- რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი თემა?
ძირითადად Masholand-ის გარემო, მაშოლენდელები და მათი ამბები, რადგან მთავარი მიზანი სწორედ Masholand-ის სრულად დახასიათებაა. სხვადასხვა გზებით ვცდილობ მაშოლენდელები და მათი ისტორიები განვავრცო. ამისთვის ვიყენებ ილუსტრაციას, კედლის მხატვრობას, ანიმაციას, თამაშების დიზაინს, ფერწერას, ბეჭდვით მედიასა და ყველაფერს, რაც ჯერ-ჯერობით ჩემს ძალებშია.
- მოგვიყევით ბოლო პერიოდის პროექტებზე და გამოფენებზე
ბოლო თვეები ძირითადად სხვადასხვა კომპანიებთან და არტისტებთან კოლაბორაციულ პროექტებზე ვმუშაობ.მაგალითად, “არგოსთან” ერთად შევქმენით საქართველოს 10 სხვადასხვა მხარეზე ლუდის ბოთლის ეტიკეტები. ასევე “კობის” ახალი კამპანიის ვიზუალზე ვიმუშავე. შევქმენი ილუსტრაციების სერია ახალ ბრენდ PlantDadi-სთვის. ასევე, Skillshare-თან თანამშრომლობით ონლაინ კურსების სწავლება დავიწყე. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე ნიუ-იორკის ძაღლთა თავშესაფრის ბრენდირების პროექტი, სადაც Masholand-ში მთავარ არსებებად ცუგები იქცნენ, რომლებიც თავიანთ სამყაროში ბედნიერები არიან და ისე ცხოვრობენ, როგორც მათ სურთ. სექტემბერში მონაწილეობა მივიღე ArtUp-ისა და Espacio Targente-ს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, რომელიც ბურგოსში (ესპანეთი) ჩატარდა. მონაწილეობა მივიღე “ნიკოს მოძრაობის” ფესტივალში, სადაც ბათუმისა და ქუთაისის კედლები მოვხატეთ. ბოლო პერიოდში დავიწყე და დავასრულე უამრავი პატარა პროექტი.
ფოტო: Niko • ნიკო
- რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
ალბათ, ის პირველი ილუსტრაციები, სადაც მაშოლენდელები დავხატე, განსაკუთრებულია. მაგ დროს ჯერ არც კი ვიცოდი რასთან მქონდა საქმე. ვფიქრობ, აუდიტორიისთვისაც საინტერესოა Masholand-ის განვითარების თვალსაზრისით.
- თქვენ პროფესიაში რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ გამოწვევად?
როცა რამეში საკუთარ თავს იპოვნი, დიდი შანსია ეს კომფორტის ზონად იქცეს და მომავალში სიახლეების გარისკვა გაგიჭირდეს. თუმცა, ახლის ძიება და მუდამ საკუთარ განვითარებაზე მუშაობა აუცილებელია.
- ქუჩის ხელოვნებას უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე სოციალურ ხელოვნებას. ეთანხმებით?
გარკვეულწილად ვეთანხმები. ქუჩის ხელოვნება არაა ხელშეუხებელი და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. ამ სახით კონკრეტულ ნამუშევარს შეუძლია დიალოგის ფორმა მიიღოს.
- თქვენი აზრით გლობალურად, რა გამოწვევების წინაშე დგას ხელოვნება/შემოქმედებითი ინდუსტრია, მათ შორის საქართველოში?
დღესდღეობით ადამიანებს ცოტა რამ გვაოცებს და ცვლილებებსაც იმდენად შევეჩვიეთ, რომ თუ ვინმე საკმარისად სწრაფად არ ვითარდება, ის ჩვენთვის საინტერესო აღარაა. იმისთვის, რომ ხელოვანი "გადარჩეს", აუცილებლად ფეხი უნდა აუწყოს (და გადაუსწროს) თანამედროვეობას ისე, რომ ინდივიდუალობა შეინარჩუნოს, რაც რთული გამოწვევაა. ეს როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ხელოვნებას ეხება. თუმცა კორონავირუსის ფონზე მსოფლიო მკვეთრად იცვლება და ვფიქრობ, რომ თუნდაც მომავალ წელს შესაძლოა სრულიად განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ.
- ვინ არიან თქვენი საყვარელი არტისტები?
თითქმის ყველა ეპოქაში რამდენიმე საყვარელი არტისტი მყავს. მომწონს იაიოი კუსამა, ჟოან მირო მათი არაპროგნოზირებადი აზროვნებით, გაბედულობითა და ფერებით. ქუჩის ხელოვანებიდან "OSGEMEOS" და "მილო" მათი მოგონილი მიკრო სამყაროებით. ილუსტრატორებიდან იუკო შიმიზუ თავისი ოსტატობით, ჯონ ბურჯერმანი ბავშვურობითა და კიდევ უამრავი ქართველი თუ უცხოელი შემოქმედი.
- რა არის Masholand-ის სამომავლო შემოქმედებითი გეგმები და სად უნდა ველოდოთ მის გამოჩენას?
ბევრი გეგმა მაქვს, ზოგი დაუფარავი და ზოგიც საიდუმლო. Masholand-ის სხვადასხვა მედიუმსა და სივრცეში გავრცობა და განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. განხორციელებას, საუკეთესო შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნებსა და ციფრულ სამყაროში ერთდროულად ვაპირებ.
ავტორი: ნინო წითლანაძე